გამოკითხვა
ხმის მიცემა

ლელა ჯაფარიძე
26 ნოემბერს დილის 10 საათზე რკინიგზელთა მასშტაბური გაფიცვა დაიწყო. გაფიცულია თბილისის სალოკომოტივო დეპო და ფოთის დეპოს ნაწილი. შეფერხებულია რამდენიმე რაიონული და საკვანძო მახარისხებელი სადგურის მუშაობა და სატვირთო გადაზიდვები. რკინიგზელთა საპროტესტო აქციები იმართება ბათუმის დეპოში, ხაშურში, სამტრედიაში, სადგურ ბროწეულაში. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გაფიცვა უვადოა და სანამ „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაცია მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება, არ დაიშლებიან.
„რკინიგზელების მოთხოვნები ტრადიციულად, ხელფასისა და შრომის პირობების გაუმჯობესებას ეხება. „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაცია ცდილობს რკინიგზელთა მასშტაბური პროტესტი რამდენიმე კაციანი ჯგუფის უკმაყოფილებად შერაცხოს და მუშების დეფიციტის დასაფარად, ადგილებზე არაპროფესიონალებს ასაქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რკინიგზით გადაადგილება უსაფრთხო აღარ არის“ - აცხადებს რკინიგზის ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ლეჟავა.
მისივე თქმით, 13 000 რკინიგზელიდან 60-70%, ანუ დაახლოებით 8000-9000 ადამიანი გაფიცულია. თბილისში, კახეთის რამდენიმე რაიონში, ბათუმში, ასობით მემანქანე და მუშა სადგურებშია შეკრებილი. რკინიგზის ადმინისტრაცია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის ნაცვლად, ცდილობს საზოგადოება დააჯეროს, რომ გაფიცულია რკინიგზელთა პატარა ჯგუფი და პრობლემა არ არსებობს.
"მუშების დეფიციტის დასაფარად და ვიზუალური ეფექტის შესაქმნელად, ადმინისტრაციამ მუშების ფუნქცია შეითავსა და ზეინკლებად და პულტის მორიგეებად მოგვევლინა. ელმავალის და სამორიგეო პულტის მართვა, ლიანდაგების გადაადგილება და ისრების გადაყვანა ძალიან რთული საქმეა და როცა ამ საქმიანობას ის ადამიანები ახორციელებენ, ვისაც ამის პრაქტიკული გამოცდილება არა აქვს, შეიძლება დავასკვნათ, რომ რკინიგზაზე გადაადგილება უსაფრთხო აღარ არის. მგზავრებს და გადამზიდავ კომპანიებს მათივე უსაფრთხოების მიზნით, მოვუწოდებთ, ამ დღეებში რკინიგზით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. უსაფრთხოების კუთხით ჩვენ ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიხსნით და რკინიგზის ადმინისტრაციას ვაკისრებთ. გაფიცვა უვადოა და დაშლას არ ვაპირებთ მანამ, სანამ რკინიგზის ადმინისტრაცია მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება“ - განუცხადა from.ge-ს ილია ლეჟავამ.
რკინიგზელთა განმარტებით, შარშანწინდელი გაფიცვის შემდეგ, ადმინისტრაციამ მათ ახალი სახელფასო მოდელი შესთავაზა, თუმცა ილია ლეჟავა აცხადებს, რომ ახალი სახელფასო პოლიტიკა რიგითი თანამშრომლების ინტერესების საზიანოდ არის შექმნილი და ადმინისტრაციის ინტერესებს ემსახურება. რკინიგზელთა უფლებების დამცველის თქმით, 2014 წლის შემოსავლებმა რკინიგზის არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობას - 77 მილიონ ლარს მიაღწია, თუმცა ამის მიუხედავად, ადმინისტრაცია მუშების „მე-13 ხელფასისთვის“ განკუთვნილ 6 მილიონს ვერ იმეტებს. რკინიგზელების მესამე მოთხოვნა ზეგანაკვეთური ტარიფის ანაზღაურებას უკავშირდება. ილია ლეჟავას თქმით, დაპირების მიუხედავად, რკინიგზელთა შრომითი პირობები დღემდე მოუგვარებელია.
ილია ლეჟავა: „ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ ზეინკალს, რომელის უმძიმეს სამუშაოს 400 ლარად ასრულებს, ეუბნებიან, გამოცდას ჩაგიტარებთ და თუ მაღალ ქულებს მიიღებ, ხელფასს გაგიზრდით, საშუალო ქულების შემთხვევაში იგივეს დაგიტოვებთ და დაბალი ქულების შემთხვევაში, ხელფასი დაგაკლდებაო. პროტესტს იწვევს ისიც, რომ რკინიგზის არსებობის ისტორიაში უპრეცენდენტოდ დიდი, 77 მილიონიანი მოგების მიუხედავად, ადმინისტრაცია არ აპირებს მუშებისთვის საახალწლოდ ე.წ. მე-13 ხელფასი გაიმეტოს. (რასაც 13 000 მუშის პირობებში 6 მილიონი ჭირდება.) ჩვენი მესამე მოთხოვნა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ეხება, რაც ამჟამად არ ხდება. აღარაფერს ვიტყვი საშინელი შრომის პირობებზე, რომელშიც რკინიგზელებს უწევთ საქმიანობა. სადგურებში არ არის სველი წერტილები, არ არსებობს ელემენტალური ჰიგიენური პირობები, ზაფხულობით მემანქანის კაბინაში აუტანელი სიცხეა და არავინ ზრუნავს კონდიცირების სისტემის შემოტანაზე. ძალიან ბევრს ვეცადეთ, რომ საქმე გაფიცვამდე არ მისულიყო, მაგრამ ადმინისტრაციამ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი თქვა, ამიტომ იძულებული გავხდით, რომ კონსტიტუციით და შრომის კოდექსით მინიჭებული უფლებები გამოგვეყენებინა“.
სს „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია აცხადებს, რომ რკინიგზაზე არავითარი საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან 80-მდე გაფიცული მუშისა და მემანქანის ადგილზე მუშაობენ მაღალი კლასის მქონე პროფესიონალები, რომლებსაც „მეამბოხეების“ ასაკის სამუშაო სტაჟი აქვთ:
„გაფიცვის ორგანიზატორ პროფკავშირელებს მოვუწოდებ, რომ გაფიცულთა გარდა, დაიცვას იმ ადამიანების შრომითი უფლებებიც, ვინც მათ პოზიციას არ იზიარებს და ნუ აყენებენ მათ შეურაცხყოფას. რკინიგზაზე არავითარი საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან მანქანას მართავენ პროფესიონალები, რომელთაგან ზოგიერთს გაფიცულთა ასაკის მემანქანეობის სტაჟი აქვთ. მე ვიცავ 12 786 ადამიანს შორის გაფიცული 80-მდე ადამიანის უფლებებს, მაგრამ მათგანაც მოვითხოვ დანარჩენების პატივისცემას. ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენი თანამშრომლები თავიანთ სამუშაოს ასარულებენ და არც ერთ მატარებელს, არც ერთი სამგზავრო შემადგენლობას და არც ერთი სატვირთო მატარებელს, არც ერთ სადგურზე, ერთი წამით არ დაუგვიანია. თუ ამ მცირე ჯგუფს სურს, რომ ურთიერთობა ამ რეჟიმში გააგრძელოს, პრობლემა არ არის, მაგრამ დანარჩენებს ხელს ნუ შეუშლიან. შეწყვიტონ ტყუილები და ჩვენი თანამშრომლების შეურაცხყოფა. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ჩვენს თანამშრომლებს ზეწოლის და შანტაჟის ენით ელაპარაკოს.
