გამოკითხვა
ხმის მიცემა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2015 წლის 13 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა - 2015 წლის 9 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით.
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2015 წლის 23 იანვრიდან 5 თებერვლის 18:30 სთ-მდე.
შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანების თანახმად, სტუდენტთა მობილობა წელიწადში ორჯერ შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებზე ხორციელდება.
მობილობა სტუდენტის ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მეორეში გადასვლის პროცესია, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი“ არეგულირებს, ხოლო ადმინისტრირებას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.
მობილობის უფლება ეძლევა ავტორიზებული სასწავლებლის სტუდენტს შესაბამის საფეხურზე სწავლის ერთი წლის შემდეგ.
ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა და რეგისტრირებულია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში. იმ სტუდენტმა, რომლის
მონაცემები საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში რეგისტრირებული არაა, ვითარების გასარკვევად უნდა მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარუდგინოს თავისი პირადობის მოწმობა და პირადი საქმე (ატესტატი, ჩარიცხვის ბრძანება, აკადემიური ცნობა ან კურსიდან კურსზე გადაყვანისა და ამორიცხვის ბრძანებათა დამოწმებული ასლები).
ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია სტუდენტის თერთმეტნიშნა პირადი ნომერი, რომლის საშუალებითაც სტუდენტი მომხმარებლად რეგისტრირდება ელექტრონულ პორტალზე.
მობილობის მსურველს უფლება აქვს, აირჩიოს არაუმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამა და თითოეული არჩევანი უნდა დაარეგისტრიროს ცალ-ცალკე.სტუდენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს პრიორიტეტების განსაზღვრას! - პირველ არჩევნად უნდა დააფიქსიროს ყველაზე სასურველი პროგრამა, შემდეგ - მეორე, მესამე და ა.შ.
მობილობის მსურველის არჩევანი რეგისტრირებულად ჩაითვლება შესაბამის რეკვიზიტებზე მობილობის საფასურის -40 ლარის გადახდის შემდეგ. მობილობის საფასურისგან თავისუფლდება სტუდენტი, რომლის საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია და სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები სტუდენტების ჩარიცხვასთან დაკავშირებით (გამოცდა, შემოქმედებითი ტური, გასაუბრება და ა.შ) ან შეზღუდოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება კონკრეტული პირობით (სწავლების წელი, ათვისებული კრედიტების რაოდენობა და ა.შ.).სტუდენტს მობილობით ჩარიცხვაზე უარის თქმა შეუძლია წერილობითი განცხადებით მიმართვის გზით, მისი მობილობით ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე.