გამოკითხვა
ხმის მიცემა
ლია შელია
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ლანძღვა-გინებისთვის დაფინანსებულმა არასამთავრობოებმა კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე ღვარძლის ნთხევის შანსი ხელიდან არ გაუშვეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც ოჯახის მნიშვნელობაზე მქადაგებელ ეპისტოლეს სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა, ლგბტ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე გახლდათ. მისი შეფასებით, წლევანდელი ეპისტოლე ჰომოსექსუალებს არ ახსენებს, სამაგიეროდ, ქალების მიმართ მავნებლური ტექსტებით და ძალადობისკენ მოწოდებითაა გაჯერებული. ქართველი ქალების მდგომარეობით გულდამწვარი ვაჭარაძე ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს უმოქმედობაში ადანაშაულებს და საპატრიარქოსთან ბარიკადების მოწყობისკენ მოუწოდებს.
„მე რომ ქალი ვიყო, საპატრიარქო კრიტიკის ქარცეცხლში მეყოლებოდ ახლა გახვეული. ეს ორგანიზაცია პირდაპირ მოუწოდებს, ამართლებს და იდეოლოგიურად აყალიბებს ჩემი მოკვლის სისტემას. მე რომ ქალი ვიყო, ახლა ბარიკადებზე ვიდგებოდი. მოკლედ, გული მისკდება: ამდენი ასეული ქალთა ორგანიზაციაა და ყველა დუმს ან ექსკლუზიურ ფეშენ-ფემინიზმს აწვება. ქარავანი კი მიდის. წელს კიდევ რამდენ ქალს დახოცავენ?“ - აცხადებს ირაკლი ვაჭარაძე.
კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ყურადღებით წაკითხვის შემდეგ, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ოჯახში მამაკაცის მნიშვნელობაზე კეთდება და წერია, რომ „ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი.“ ძნელია „იდენტობის“ შეფის ადექვატურობასა და წაკითხულის სწორად გააზრების უნარში ეჭვი არ შეგეპაროს, თუმცა საკუთარ შთაბეჭდილებებზე მეტად იმ ორგანიზაციების მოსაზრებებით დავინტერესდით, რომლებსაც ვაჭარაძე ბარიკადებისკენ მოუწოდებს. „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ ოჯახური ძალადობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია გახლავთ, რომელსაც მამაკაცის მიერ ქალზე განხორციელებული ძალადობის არც ერთი ფაქტი რეაგირების და შეფასების გარეშე არ დაუტოვებია. ქსელის იურისტი მანანა ფურცხვანიძე საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს ეპისტოლეს სწორად აღქმასა და გააზრებას ურჩევს და აცხადებს, რომ სახელმწიფომ აღიარა პრობლემის არსებობა და არსებული ფონის შეცვლისკენ რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.
"წელს, ოჯახური ძალადობის შედეგად, 23 ქალის გარდაცვალების შემდეგ, ეს თემა აქტუალური გახდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემაზე ეკლესიისკენ გავიშვიროთ ხელი. ყველაფერს და განსაკუთრებით, ეპისტოლეებს სჭირდება ნორმალური გაგება და სწორად აღქმა. მოვისმინე, წავიკითხე და ეპისტოლეში ვერსად აღმოვაჩინე, რომ ქალი მამაკაცის მონა უნდა იყოს. პირიქით, ქალი და მამაკაცი აბსოლუტურად თანაბარ მდგომარეობაში არიან ჩაყენებული.
სად ჩანს, რომ ეკლესია მამაკაცს ქალის ჩაგვრისა და დამცირებისკენ მოუწოდებს? იმაში, რომ მამაკაცმა ცოლზე და შვილებზე მეტი უნდა იზრუნოს, თუ იმაში, რომ მეტად უნდა გაუფრთხილდეს თავის ოჯახს? ეპისტოლე კაცს ოჯახის თავს უწოდებს და არა მბრძანებელს და მონათმფლობელს. ასეთი დამახინჯებული აღქმა დაუშვებელია. ქადაგებაში მამაკაცის მნიშვნელობაზე არანაკლებ კარგად იყო წარმოჩინებული ქალის როლი. კარგად იყო ნათქვამი, რამხელა პასუხისმგებლობა აიღეს ქალებმა საკუთარ თავზე და რამდენად კარგად ართმევენ ამ მისიას თავს. რაც შეეხება, ოჯახური ძალადობის ფაქტების მატებას, სრულიად ვეთანხმები ეპისტოლეში მოყვანილ აგრესიის მატების მიზეზებს: „აგრესია განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და მამაკაცების გარკვეულ ნაწილში; განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩნენ და ოჯახის მარჩენალისა და მასზე მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა ქალს, რამაც მისი მდგომარეობა, კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. ეს კი იწვევს ორივე მხარის დაძაბულობასა და გაღიზიანებას. რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება.“
ძალიან სწორად არის გაკეთებული აქცენტი ნარკომანიასა და ალკოჰოლოზმზე დამოკიდებულებაზე, რაც ასევე აგრესიისა და ძალადობის მატების მიზეზია. ზოგადად, ოჯახური ძალადობის პრობლემა პატრიარქის საშობაო ეპისტოლემდე, სახელმწიფომ აღიარა და შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ძალადობასთან ბრძოლის სტრატეგია. სერიოზული ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში. ჩვენ და განათლების სამინისტრომ სკოლებში ძალადობის საწინააღმდეგო ერთობლივი კამპანია ჩავატარეთ, რომელშიც ძირითადი აქცენტი ოჯახურ ძალადობაზე გაკეთდა. კარგია, რომ სახელმწიფომ აღიარა ამ პრობლემის არსებობა და არსებული ფონის შეცვლისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. საზოგადოებაც გაერკვა იმაში, რომ ასეთ ურთიერთობებს ოჯახში ძალადობა ქვია და ოჯახის წევრები ერთმანეთის მტრები არ უნდა იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ოჯახური ძალადობის პრობლემა ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანაში ბოლომდე არ მოგვარებულა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე, ალბათ ჩვენთანაც ძალიან გაჭირდება.