გამოკითხვა
ხმის მიცემა
გუგა სამხარაძე
ქართველ ქრისტიანებსა და ქართველ მუსლიმებს შორის ბოლოხანს მომხდარი რამდენიმე ინციდენტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ყველა ადამიანში, რომელმაც იცის,რა შეიძლება მოჰყვეს ამ,ერთი შეხედვით, “მსუბუქ“ დაპირისპირებას.
სიტუაციას ამწვავებს იმ ადამიანთა აქტიურობაც, ვინც ან ვერ ერკვევა საქმის არსში, ან შეგნებული პროვოკატორია (ასეთთა ნაკლებობას რომ არ განვიცდით,ვფიქრობ არავინ შემედავება).
გაისმის პათეტიკური შეძახილები (მაგ. “მართლმადიდებლობა და ქართველობა სინონიმებია“). ერთმა, საზოგადოებრივი აქტიურობით გამორჩეულმა, სასულიერო პირმა კი პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ცინიკურად დასვა რიტორიკული კითხვა: “თქვენ გჯერათ, რომ მუსლიმანი ქართველი ნამდვილი ქართველია?“
მუსლიმან ქართველთა შორის, უკანასკნელი წლების მანძილზე, საკმაოდ ხშირია გაქრისტიანების შემთხვევები. ასეთ დროს ხმამაღლა ცხადდება, რომ ესა თუ ის პირი (ან-პირთა ჯგუფი) ”დაუბრუნდა წინაპართა სარწმუნოებას“.
ახლა ცალ-ცალკე განვიხილოთ, არის თუ არა ქართველობა და მართლმადიდებლობა სინონიმები, შეიძლება თუ არა მუსლიმი ქართველი ნამდვილი ქართველი იყოს და რამდენად მართებულია გაქრისტიანებულ ყოფილ ქართველ მუსლიმთან მიმართებაში ტერმინ”წინაპართა სარწმუნოების“ გამოყენება.
“ქართველობა და მართლმადიდებლობა სინონიმებია“-ს მქადაგებელ სასულიერო და საერო პირებს უნდა ვუთხრა (ხაზს ვუსვამ-კი არ შევახსენო, არამედ-ვუთხრა), რომ წმინდა ეკლესიური სწავლების თანახმად, მართლმადიდებლობის გაიგივება ამა თუ იმ ერთან ერეტიკულ გადახრას წარმოადგენს და მას კონკრეტული სახელი-”ფილეტიზმი“ ეწოდება.
გარდა ამისა, ვინაიდან ეს ადამიანები ქართველობას აიგივებენ არა ზოგადად ქრისტიანობასთან, არამედ კონკრეტულად მართლმადიდებლობასთან, მინდა, მათ დავუსვა ერთი კონკრეტული კითხვა: ზაქარია ფალიაშვილი კათოლიკე იყო, ამის გამო, იგი არ უნდა ჩაითვალოს ქართველ კომპოზიტორად? ან - რწმენით მუსლიმი მემედ აბაშიძე, რომელმაც ტიტანური შრომა გასწია ქართველ მუსლიმთა შორის ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისთვის, ამოვშალოთ ქართველ მოღვაწეთა სიიდან?
“სარწმუნოების საქმე სინდისის საქმეა. რა ჩვენი საქმეა-ვინ როგორ სარწმუნოებას აღიარებს, ვინ რა რჯულის არის? რა რჯულიც ჰსურს, იმ რჯულზე იყოს; მხოლოდ კარგი, პატიოსანი კაცი იყოს,მშრომელი და თავისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო“... ეს სიტყვები ილია ჭავჭავაძეს (წმ. ილია მართალს) ეკუთვნის და სწორედ მუსლიმ ქართველებს ეხება.
რაც შეეხება “ყბადაღებულ ტერმინს - ”წინაპართა სარწმუნოება“.
ვერსია “წინაპართა სარწმუნოების“ შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, საკამათოა.
ქართველთა შორის ისლამი აქტიურად ვრცელდება XVI საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან. აქედან გამომდინარე, გაქრისტიანებულ ქართველ მუსლიმთა უშუალო წინაპრები მუსლიმები იყვნენ. ამიტომ მათთან მიმართებაში შეგვიძლია, გაცილებით მარტივი ტერმინოლოგია გამოვიყენოთ (მაგ. “ქრისტიანულად მოინათლა“, “გაქრისტიანდა“ და ა.შ.)... რა საჭიროა წინაპართა სულების შეწუხება და პათეტიკურ-ჰეროიკული შეძახილები?
თუმცა... ტერმინთა აღრევა და, საერთოდ, რამე, როგორ უნდა გაგვიკვირდეს, როცა საქართველოში არაკომპეტენტურობის ბუმია.
ცნობილი რელიგიათმცოდნე ნუგზარ პაპუაშვილი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში რელიგიის გაკვეთილს დაესწრო, სადაც პედაგოგმა მოსწავლეებს სავსებით სერიოზულად ამცნო, რომ, თურმე, ქრისტეს კვართი ქრისტეს ზრდის პარალელურად იზრდებოდა.
როდესაც გაკვეთილი დამთავრდა, ნუგზარმა უთხრა პედაგოგს - ქალბატონო, მთელი შეგნებული ცხოვრება რელიგიური პრობლემატიკის კვლევას შევალიე, ვმუშაობ რელიგიური ტექსტების ხელნაწერებზე და ასეთი რამ არსად წამიკითხავსო.
პედაგოგმა ამაყად უპასუხა - მე არ ვიცი, თქვენ რა წაგიკითხავთ და რა არა, მაგრამ ჩემმა მოძღვარმა მითხრა, რომ ასე იყო და ე.ი. ასე იყოო.
ასეთი “რკინისებური“ ლოგიკის შემდეგ, შეიძლება, კაცს რაიმე გიკვირდეს?!