გამოკითხვა
ხმის მიცემა
ნინო სიგუა
წარსულს ჩაბარდა დრო, როცა სკოლის დირექტორად მუშაობის აუცილებელ პირობად პედაგოგიური განათლება და ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნა ითვლებოდა. ე.წ. ნაციონალურ რევოლუციურ ტალღაზე მოსულმა ხელისუფლებამ სასწავლო-აღამზრდელობითი დაწესებულების ხელმძღვანელებს სრულიად განსხვავებული მოთხოვნები წამოუყენა: მენეჯერული თვისებებისა და სკოლის დირექტორისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გარდა სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულების ხელმძღვანელს არაოფიციალური, მაგრამ მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა დაკისრებული, რომელიც არჩევნებზე მმართველი პოლიტიკური ძალის უპირობო გამარჯვებას ითვალისწინებდა. მათ, ვინც სკოლის დირექტორებსა და არჩევნებს შორის კავშირს ვერ ხედავს, შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბნების უმეტესობა საჯარო სკოლის შენობებშია განთავსებული და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებად მეტწილად სკოლის დირექტორები ინიშნებიან. თბილისის 117-ე სკოლის ყოფილი დირექტორი ერთ-ერთი მათგანია, ვინც საარჩევნო უნაბზე ნაციონალების დამარცხებას გადააყოლეს. უშედეგოდ დასრულებული სასამართლო პროცესების შემდეგ ლია როსტიაშვილმა ბრძოლა შეწყვიტა და მშობლიურ საგარეჯოს რაიონს მიაშურა. სკოლის ყოფილი დირექტორის თქმით, პატიმრებს თუ ციხეებში აწამებდნენ, მას საკუთარ სახლში წამება მიუსაჯეს, რადგან სკოლის გვერდით ცხოვრობს და სკოლაში მუშაობის უფლება წართმეული აქვს. უმუშევრად ყოფნის ექვსი წელი სკოლის ყოფილმა დირექტორმა უფლის სამსახურს შეალია: სამების კოშკში ხატწერა და ოქრომკერდით ქარგვა შეისწავლა და ამჟამად, საგარეჯოს ეკლესიაში მედავითნედ მსახურობს. უფლის მსახურება რომ არა, ამის გადატანას ვერ შევძლებდი – ამბობს ლია როსტიაშვილი.
სანამ 117-ე სკოლის დირექტორად დავინიშნებოდი, 19 წელი მასწავლებლად ვიმუშავე. სკოლის დირექტორად 2007 წლის 15 ნოემბერს დავინიშნე, თუმცა, 6 თვის მერე სამეურვეო საბჭოს მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველზე გამათავისუფლეს. რეალურად, ჩემი გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ სააკაშვილმა ჩემს სკოლაში გახსნილ ორივე სარჩევნო უბანზე არჩევნები პირწმინდად წააგო. რა თქმა უნდა, სამაგალითოდ დამსაჯეს. ჩემთვის ყველა სკოლის კარი დაიკეტა და 6 წელია უმუშევარი ვარ. მთელი ცხოვრება ვსწავლობ, ორი უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე და პირადი ცხოვრებისთვის დრო არ დამრჩა. სკოლა და ბავშვები ჩემთვის პირადი ცხოვრებაც იყო და ცხოვრების აზრიც, ამიტომ სკოლიდან გამოგდება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. ნაციონალები პატიმრებს ციხეში აწამებდნენ და მე საკუთარ სახლში წამება მომისაჯეს,რადგან სკოლის გვერდით ვცხოვრობ და სკოლაში შესვლის უფლება არ მაქვს. სახლში მყოფს სკოლის ზარის რეკვა რომ მესმის, მეშინია გული არ გამისკდეს...უფლის მსახურება რომ არა, ამის გადატანას ვერ შევძლებდი. სამების კოშკში ხატწერა და ოქრომკერდით ქარგვა შევისწავლე და ამჟამად უფლის სამსახურშიც ვარ. საგარეჯოს ეკლესიაში მედავითნედ ვმსახურობ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
ეკლესიური ცხოვრების პარალელურად 117-ე სკოლის ყოფილი დირექტორს სკოლასთან და ბავშვებთან შესახვედად მზადება ერთი წუთითაც არ შეუწყვიტავს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ლია როსტიაშვილმა წარმატებით დაძლია განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული დირექტორთა გამოცდები და სერტიფიკატი მოიპოვა. სკოლაში დაბრუნების შემთხვევაში, შემუშავებული აქვს სამოქმედო პროგრამა, რომელსაც სამეურვეო საბჭოს მიერ მოწონების შემთხვევაში აუცილებლად განახორციელებს.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წარმატებით გავიარე დირექტორების კონკურსი და სერტიფიკატი ავიღე. იმავდროულად, შევიმუშავე საინტერესო პროგრამა, რომელსაც სკოლაში დაბრუნების შემთხვევაში, აუცილებლად განვახორციელებ. ვფიქრობ, რომ როგორც დირექტორი განსაკუთრებულ ყურადღებას აღმზრდელობით მუშაობას მივანიჭებ.სკოლამ უნდა გაზარდოს მშობელთა და საზოგადოების ჩართულობა, ბავშვებზე მშობლიური სიყვარულით უნდა იზრუნოს და ბავშვებსაც სიყვარული და სხვებზე მზრუნველობა ასწავლოს. კარგად აღზრდილი ბავშვები მომავალში კარგი მეუღლეები და მშობლები იქნებიან. სამწუხაროა, რომ სკოლებში რელიგია აღარ ისწავლება, რადგან ჩემი აზრით, ოჯახური თუ ყველა სახის ძალადობა რელიგიისა და ტრადიციების უარყოფის შედეგია. შეიძლება არაპოპულარული რამ ვთქვა, მაგრამ არც პედაგოგის მხრიდან გამუდმებით ხელფასის სიმცირეზე საუბარი მომწონს. დღეს დამრიგებლები 60 ლარიანი დანამატის სიმცირეზე საუბრობენ, როცა მე წლების განმავლობაში კლასის დამრიგებლად ლარნახევრიანი დანამატის პირობებში ვიმუშავე და სწორედ ამ დროს რაიონის საუკეთესო აღმზრდელად დამასახელეს. ხანდახან ვფიქრობ, მომავალი თაობის პატრიოტებად და ღვთისმოყვარე ადამიანებად აღზრდას რომ ვცდილობდი, ამიტომ მომიშორეს, მაგრამ ამაზე აღარ ვდარდობ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ პედაგოგის საქმიანობას თვით უფალი აფასებს.