გამოკითხვა
ხმის მიცემა
მარიამ გვილავა
ბოლო თვეების გამოცდილებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ „ძველი დირექტორების“ „ახლებით“ ჩანაცვლების პროცესს განათლების სისტემისთვის უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. 51-ე და 53-ე სკოლების მსგავსად, სერტიფიცირებული დირექტორის გამოჩენას სიხარულით არ შეხვედრიან საბურთალოს რაიონში მდებარე 195-ე საჯარო სკოლაში. სკოლის 60 თანამშრომლიდან 56 დირექტორის თანამდებობაზე მარინა თოფურიას ყოფნის წინააღმდეგია და განათლების სამინისტროს ლალი მწარიაშვილის დაბრუნების მოთხოვნით მიმართავს. პედაგოგებსა და დირექტორს შორის ვითარების უკიდურესად დაძაბვას ამ უკანასკნელის მხრიდან სასწავლო ნაწილის თანამდებობიდან გაშვება მოჰყვა, რასაც პედაგოგებმა გაფიცვით და სასწავლო პროცესის ჩაშლით უპასუხეს. რა გახდა 195-ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის სამსახურიდან გაშვების საფუძველი და რას ედავებიან პედაგოგები ახლად მოსულ დირექტორს ამის გარკვევა 195-ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის ყოფილ გამგესთან მზია წეროძესთან ვცადეთ:
_ მარინა თოფურიამ 22 და 28 ოქტომბერს ორი შენიშვნა ერთად მომცა მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების მიზეზით, თუმცა, რაში გამოიხატებოდა ჩემს მიერ მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება, არ აუხსნია. 10 დეკემბერს დირექტორმა გამომიცხადა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული ვარ და შემიძლია სკოლაში აღარ მივიდე. ნორმალურად შედგენილ ბრძანებაში უნდა ეწეროს, რის საფუძველზე ათავისუფლებენ ადამიანს სამსახურიდან, მაგრამ ჩემი და ჩემთან ერთად გათავისუფლებული სამი ადამიანის ბრძანებებში ასეთი საფუძველი მითითებული არაა. მე და ჩემთან ერთად გათავისუფლებულმა ადამიანებმა სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მივმართეთ და სასამართლომ ჩვენი სარჩელი წარმოებაში მიიღო.
ერთ-ერთი ვერსიით, მასწავლებელთა გაფიცვა სკოლის ყოფილი დირექტორის მიერ იმართება და მასწავლებლები მასთან შეუთანხმებლად ნაბიჯს არ დგამენ.
- ამას ძველ დირექტორთან არანაირი კავშირი არა აქვს. იმ საჩივარშიც, რომელიც განათლების სამინისტროში 56 მასწავლებლის ხელმოწერით გაიგზავნა, საუბარია იმაზე, რომ დირექტორი არაადექვატურია და თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებს. ყველა მასწავლებელმა დავწერეთ ახსნა განმარტება და კონკრეტულად მივუთითეთ, ვის რა შეურაცხყოფა მოგვაყენა და როგორ მოგვექცა. არა მგონია, ნორმალური იყოს, როცა დირექტორი აცხადებს, რომ მისი ინტერესის საგანი ხელფასი და სამსახურია. სკოლა ის დაწესებულება არ გახლავთ, სადაც ადამიანები მარტო ხელფასის და სამსახურისთვის დადიან.
მომხდარის განსხვავებულ მიზეზებზე საუბრობს 195-ე სკოლის დირექტორი. მარინა თოფურიას თქმით, სასწავლო ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად მიიღო. რაც შეეხება მასწავლებელთა ბრალდებებს, სკოლის დირექტორს მასწავლებლების მიერ არასრულწლოვანი ბავშვებით მანიპულირება სამარცხვინო და უღირს საქციელად მიაჩნია. მარინა თოფურია დარწმუნებულია, რომ სკოლის ღირსეულად მართვა შეუძლია და თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.
- სამი ადამიანი არ გამითავისუფლებია, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი. მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო გათავისუფლებულია მხოლოდ მზია წეროძე. გათავისუფლებამდე ამ ქალბატონს მიღებული ჰქონდა ორი გაფრთხილება. მისი გათავისუფლების დღეს სკოლაში იმყოფებოდა სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი და ამ დროს მზია წეროძის მხრიდან დაფიქსირდა იგივე დარღვევები. შესაბამისად, გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად მივიღე. ჩემი მოსვლის დღიდან მასწავლებლებს ორიენტირად აქვთ აღებული, სად და როგორ მიჩივლონ. როგორც გავიგე, სასამართლოში სარჩელიც შეუტანიათ. კი ბატონო, სასამართლოში იდავონ, მე კი ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ. იმ ხალხს, რომელიც მოსწავლეს ფეისბუკის გვერდზე უწერს -არ მოხვიდე სკოლაში, თორემ ნიშანს არ გაღირსებ და არ მოხვიდე სკოლაში, თორემ ღალატი იქნებაო, ბავშვებს ხელში ვერ ჩავუგდებ. რა არის ღალატი, ბავშვმა რომ ცოდნა მიიღოს? მოსწავლემ ჩემი და წეროძის ურთიერთობები არკვიოს, თუ ისწავლოს? მრცხვენია, რომ სკოლაში არსებობენ მასწავლებლები, რომლებსაც შეუძლიათ სასწავლო პროცესი ჩაშალონ და ცოდნის მისაღებად მოსულ მოსწავლეს გაკვეთილი არ ჩაუტაროს. მე არ ვარ მომხრე, რომ არასრულწლოვან მოსწავლესთან ირჩეოდეს ნებისმიერი ურთიერთობა. ვთვლი, რომ ვარ ღირსეული დირექტორი და ბოლომდე დავიცავ ჩემს პოზიციას.
195-ე საჯარო სკოლაში განვითარებულ მოვლენებზე განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საზოგადოებისთვის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.