გამოკითხვა
ხმის მიცემა
დარეჯან მეფარიშვილი
რომ არა ეს ინფორმაცია: „ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" ოქროს გლობუსზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში დასახელდა. "მანდარინები" უკვე 21-ე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ოქროს გლობუსის 72-ე ცერემონიალზე ზაზა ურუშაძის ფილმი ესტონეთის სახელით არის წარდგენილი. ფილმი "მანდარინები" 2013 წელსაა გადაღებული. ფილმის სიუჟეტი ვითარდება აფხაზეთის ომის პერიოდში, თუმცა ფილმში არ არის ასახული ომის სცენები. მასში მოთხრობილია აფხაზეთში მცხოვრები ესტონელების შესახებ. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ აფხაზეთიდან იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა თავისი სურვილით არჩია აფხაზეთში დარჩენა. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა“ და სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციის გამო ატეხილი აჟიოტაჟი, რომ თურმე საქართველოში არ აღმოჩნდა თანხა „ამ დიდებული ფილმის დასაფინანსებლად“ და ამიტომ „მანდარინები“ კონკურსზე „ესტონეთის სახელითაა წარდგენილი“, სტატია, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ არ დაიწერებოდა.
მე არ ვიცი რამდენი პრიზის და მედალის მფლობელია „მანდარინები“, არც მინახავს ეს ფილმი, მაგრამ მე ვიცი, იმ დოკუმენტების და გამოძიების შესახებ, რომელიც დღეს პროკურატურაში ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით მიმდინარეობს. ახლა არ მოვყვები დეტალებს, რატომ არ მიიღო და არ ჩადო საქმეში რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამომძიებელმა და რა ბრძოლა მიდის ამ დოკუმენტების საქმეში იძულებით ჩასაკერებლად, არ მოვყვები რა ხდება სასამართლო პროცესზე, რომელიც კინოცენტრში და კულტურის სამინისტროში არსებული დარღვევების გამო, უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, მე მხოლოდ ფილმ „მანდარინებზე“ შევჩერდები და წარმოგიდგენთ მხოლოდ დოკუმენტებს, არავითარი სხვა რამ დოკუმენტების გარდა, შეფასება თქვენთვის მომინდვია!
ყველაფერი დაიწყო 2010 წელს, როცა მოეწყო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსი. კონკურსზე სამმა პროექტმა გაიმარჯვა: მიშა კობახიძის ფილმმა „როგორც ღრუბელი“ მოიგო 200 ათასი ლარი, ზაზა ურუშაძის ფილმმა „მტრები“ მოიგო 200 ათასი, ნინო კირთაძის ფილმმა „კავკასიური ქრონიკა“ მოიგო 250 ათასი. მიშა კობახიძის პროდიუსერი იყო სს „ქართული ფილმი“, დოკუმენტებით ირკვევა, რომ „ქართულმა ფილმმა“ (ესაა გენდირექტორ არჩილ გელოვანის, რომელიც შემდეგ დააკავეს, პერიოდი) თანადაფინანსების დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა და 200 ათასი გადანაწილდა დანარჩენ ორ პროექტზე. დოკუმენტებით ირკვევა რომ „ქართულმა ფილმმა“ ვერ წარმოადგინა შესაბამისი საბუთები, რის საფუძველზედაც კინოცენტრი 200 ათასს მისცემდა. წესი ასეა, საერთოდ ამ 25%-ს ტექნიკურ მხარეს (კინოაპარატურა) აჩვენებენ ხოლმე, მაგრამ რატომ ვერ წარმოადგინა „ქართულმა ფილმმა“ ტექნიკა არ ვიცი, ამის შესახებ დოკუმენტაცია ვერ მოვიპოვე. შემდეგ კონკურსზე, მომავალ წელს, ეს ფილმი ისევ ფიგურირებს კონკურსანტებს შორის, მაგრამ ამჯერად არაფერი მოუგია. რაც შეეხება 200 ათასს, დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ „აბსაითში დარჩენილი“ 200 ათასი ყოველგვარი კონკურსის გარეშე გადანაწილდა. 200 ათასიდან 50 ათასი დაუმატეს ზაზა ურუშაძეს, ხოლო დანარჩენი ნინო კირთაძეს. გადის რაღაც პერიოდი და კირთაძის ნაცვლად დოკუმენტებში ფიგურირებს დიტო ცინცაძე, ანუ ნინო კირთაძე გავიდა როგორც რეჟისორი. შემდგომ დიტო ცინცაძეც გადის და მას ენაცვლება გიორგი (როღოშა) ბარაბაძე.
ცნობისთვის: „კავკასიური ქრონიკა“ 2010 წელს ჩაეშვა წარმოებაში, მაგრამ დღემდე არაა დასრულებული. 650 ათასი იყო ფილმის „კავკასიური ქრონიკა“ დაფინანსება, ამ ფილმმა გამოიცვალა სამი რეჟისორი (მესამე ახლაც აგრძელებს მუშაობას) და 2010 წელს ჩაშვებული ფილმი, რომელიც 2011 წელს უნდა დამთავრებულიყო, დღემდე დაუმთავრებელია. სხვათაშორის 2013 წელს კინოცენრტის ხელმძღვანელმა, ნანა ჯანელიძემ, ამ ფილმს 30 ათასი ლარი დაუმატა კიდევ. ფაქტიურად ფული პროდიუსერს აჩუქა, იმ ფილმისათვის, რომლის პროდიუსერმაც ვალდებულება ვერ შეასრულა. რაც შეეხება ფილმს „როგორც ღრუბელი“, პროექტმა როგორც კი მოიგო დაფინანსება არც მეტი არც ნაკლები აორთქლდა, მიშა კობახიძის მოგებული ფული ორ პროექტზე გადაანაწილეს.
კარგით, ეს ისე, შესავლისათვის, რაც შეეხება ფულმს „მანდარინები“, რომლის გამოც, კიდევ ვიმეორებ ორი დღეა აჟიოტაჟია ატეხილი. თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ამ ფილმს ძალიან საინტერესო დოკუმენტაცია: 2010 წლის ივნისში გამოვლინდა სრულმეტრაჟიანი ფილმწარმოების კონკურსის გამარჯვებულები, მათ შორის ურუშაძის იყო პროექტი. დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ პროექტმა „მტრები“ მოიგო 200 000 ლარი. არ არსებობს „მტრებისთვის“ თანხის გადაცემის ამსახველი სამართლებრივ-ადმინისტრაციული აქტი, ან ცნობა იმის შესახებ, რომ კონკურსში მოგებული თანხა არ გაიცა. კონკურსის დამთავრების შემდეგ ნაცვლად „სინეტეკისა“ (რომელმაც წარმოადგინა პროექტი) ამ პროექტის პროდიუსერად კინოცენტრის ცნობის ფურცელში წერია ზაზა ურუშაძე და შპს „სინემა 24“, რომლის ერთპიროვნული მფლობელი და დირექტორი ზაზა ურუშაძეა. ხაზგასმით ვამბობ: კონკურსი, როგორც მოგახსენეთ, ჩატარდა 2010 წლის 15 ივნისს, სტუდია „სინემა 24“ რეგისტრაციაში გატარდა 2010 წლის 24 ნოემბერს, ანუ პროექტის გამარჯვებიდან 5 თვის შემდეგ.
ამ პროექტის რეალიზება ერთობ გართულდა, გადასცდა ყოველგვარ კალენდარულ ვადას, ამდენად „სინეტეკს“ (რომ დარჩენილიყო პროდიუსერად) დავალიანების გამო არ ქონდა უფლება მომავალ კონკურსებში მიეღო მონაწილეობა. მსგავსი კომბინაციით (ჩანაცვლება სტუდია „სინემა 24“-ით) „სინეტეკისათვის“ კონკურსებში მონაწილეობის გზა გამოინახა. ამ კომპანიამ ზემოთაღნიშნული მოვლენებიდან დღემდე კო-პროდუქციის კონკურსებში 595 000 ლარი მიიღო, მაგალითისათვის მოვიყვან „თოლია“ (დაფინანსდა 250 000 ლარით) და „ძმა“ (დაფინანსდა 345 000 ლარით). ესე იგი აქ რა ხდება? „სინეტეკმა“ რაკი მოიგო თანხა, მას უნდა ეწარმოებინა ფილმი და დაესრულებინა, მაგრამ ნოემბერში გამოვიდა „სინეტეკი“ თამაშიდან, ფილმის რეჟისორმა შექმნა ახალი სტუდია, რომელმაც „სინეტეკისაგან“ გადმოიწერა მთელი ვალდებულება, „სინეტეკმა“ კი კონკურსებში მონაწილეობის მიღება განაგრძო. დასკვნა: „სინემა 24“-ს და ფილმს „მტრებს“ კონკურსში მონაწილეობა ერთად არ მიუღიათ, რაც კანონის უხეში დარღვევაა და სისხლისამართლებრივი დანაშაულის აშკარა ნიშნებს შეიცავს! კარგით, გავაგრძელოთ თემა:
ნოემბერში როგორც კი დაიწყეს თანხების გამოტანა, უკვე ეს მოგებული თანხა მიიღო „სინემა 24“-მა. ვერანაირად ვერ მოვიპოვეთ დოკუმენტაცია, სადაც მითითებული იქნება რატომ გავიდა „სინტეკი“ და რატომ ჩაენაცვლა „სინემა 24“. ანუ პროდიუსერი ფილმმა შეიცვალა, კონკურსის მიღების წესში კი წერია, რომ პროდიუსერს არ უნდა ჰქონდეს დავალიანება, პროდიუსერს უნდა ჰქონდეს მონაცემები, რომ ის გადაიღებს ფილმს. თუ პროდიუსერი ფორსმაჟორულ მდგომარეობაში არაა (დაიწვა კინოსტუდია, გარდაიცვალა პროდიუსერი) არა აქვს უფლება სხვას გადააბაროს ფილმის წარმოება.
მთავარი კითხვა: რატომ გადააბარა „სინეტეკმა“ პროექტი როდესაც მასაც შეეძლო დაესულებინა? კონოკომპანია წერს: „ობიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე დღეის მდგომარეობით, კონოკოპმანია „სინეტეკის“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „მტრები“ („მანდარინები“) წარმოება გადასცეს შპს „სინემა 24“-ს რომლის დამფუძნებელი და დირექტორი არის ფილმის დამდგმელი რეჟისორი ზაზა ურუშაძე, შესაბამისად შპს „სინეტეკის“ მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულებები და უფლებები გადაეცემა შპს „სინემა 24“-ს. ვფიქრობთ, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს „მტრების“ წარმატებით დასრულებაზე.“ ანუ ზურაბ მაღალაშვილს არც დასჭირვებია დაესახელებია ეს „ობიექტური მიზეზები“.
მთავარი კითხვა - რატომ აქვს ფილმს ორი სათაური. მავანთა პასუხი შეიძლება იყოს ასეთი - რეჯისორს თუ უნდა სამ სათაურს დაარქმევს. კი, ბატონო, ოთხი იყოს, მაგრამ პროექტი დაიწყო „მტრებით“ და დაასრულეს „მანდარინებით“. „მტრების“ სიუჟეტი ზუსტად ემთხვევა „მანდარინებისას“, შემდეგ 2013 წლის ცნობის ფურცელში „მანდარინები“ „სინემა 24“-ს აწერია, მანამდე 2012 წელს კი, კინოცენტრის დაფინანსებიდან ორი წლის შემდეგ დავალიანებული პროექტი, ძველი სამუშაო სახელწოდებით „მტრები“, სახელისა და პროდიუსერის შეცვლის შემდეგ კონკურსში „ევრომაჟი“ საქართველოს წარმომადგენელმა, კინოცენტრის მაშინდელმა ხელმძღვანელმა თაკო ტატიშვილმა წარადგინა, პროექტმა დაფინანსება მოიპოვა და ასე „ამოიხსნა“ ეს „ორსათაურიანი განტოლება“ - ფილმი კიდევ დააფინანსეს, ამჟემად „ევრომაჟმა“!! კარგით, ფილმი უნდა დასრულებულიყო 10 თვეში, მაგრამ ვერ დაასრულეს და რამდენჯერმე გაუგრძელეს ჩაბარების ვადა. პირველად ვადის გაგრძელების შემდეგ 2012 წლის აპრილში დაითქვა ჩაბარების ვადა, ფილმი ისევ არ დასრულდა და დაიდო მესამე ხელშეკრულება, ამჯერად 2013 წლის 30 აგვისტოს უნდა ჩაებარებინათ ფილმი. ყველაზე მთავარი, ამ დროს კინოცენტრმა ფილმს დაუმატა თანხა და 250 000 ნაცვლად 472 000 ლარი გახდა თანხა. მეტიც, ფილმის სრული ბიუჯეტი შეადგენდა 949 912 ლარს, კინოცენრტმა მას მისცა 200 000 მერე დაუმატა 50 000. ფილმი ისევ არ დასრულდა, მაგრამ კინოცენტრმა მიუხედავად ამისა სამი წლის შემდეგ პროექტი შეიტანა „ევრიმაჟში“. ხაზგასმით ვამბობ ფილმი კო-პროდუქცია არ იყო, მან ჩვეულებრივი სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსი მოიგო. სამი წლის შემდეგ განაცხადი შეიტანეს „ევრიმაჟში“ საუკეთესო პროექტიაო და ცალკე მიიღეს კიდევ თანხა. საერთო ჯამში ფილმის ბიუჯეტი გაიზარდა 2012 წელს და გახდა ერთი მილიონ ხუთას შვიდასი ათას ცხრაასი ლარი და ფილმი 2013 წელს როგორც იქნა დასრულდა, „მტრები“ გახდა „მანდარინები“ და მანანა ბერიკაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტით ირკვევა რომ ფილმის თანადაფინანსებაში კულტურის სამინისტროც შევიდა.
„უმნიშვნელო“ დეტალი: ვადაგადასულ და პროდიუსერ გამოცვლილ ფილმს მანანა ბერიკაშვილი კიდევ აძლევს ფულს. და კიდევ ერთი „უმნიშვნელო“ დეტალი, საქმე ისაა, რომ მიუხედავად იმისა მოთხოვნა იყო არც ერთი ტრანშე არ გაასაჯაროეს, არადა მავანთ რომ ჰკითხო უცხოელებიც აფინანსებდნენ „მანდარინებს“. დასკვნა: არა აქვთ არც ერთი ტრანშე და როგორ აჩვენებენ? როგორ მოიზიდა რეჟისორმა თანხები ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს. გამოდის, რომ ფილმი მთლიანად სახელმწიფომ დააფინანსა! ასე, რომ, იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც წუწუნებს უკვე ორი დღეა თითქოს სახელმწიფომ „მანდარინები“ არ დააფინანსა: ჯერ მასალებში ჩაიხედეთ და მერე ატეხეთ ხმაური. ფილმი არ დააფინანსეს კი არა, იმაზე მეტად დააფინანსეს ვიდრე ვადაგადაცილებულ პროექტს ეკუთვნოდა, ზაზა ურუშაძე შეიძლება კარგი რეჟისორია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამ ფილმის გადაღებას მილიონები არ ჭირდებოდა. ბოლოსდაბოლოს, ვინმემ ხომ უნდა დასვას კითხვა - ერთ რეჟისორს ნიკა რურუადან მოყოლებული დღემდე რატომ აქვს ყველა გზა ხსნილი, რატომ აფინანსებენ მას რამდენჯერმე და თან ვადაგადაცილებული ფილმისთვის, სხვებს კი სამუდამოდ რატომ უქოლავენ კინოსამყაროს კარს?!!