გამოკითხვა
ხმის მიცემა

დეა უძილაური
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საზოგადოებას განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი გეგმა წარუდგინა. დოკუმენტი მოიცავს განათლებისა და მეცნიერების ყველა დონეს სასკოლო განათლებიდან დაწყებული, მეცნიერებით დამთავრებული.
ზოგადი განათლების ნაწილში არსებული მდგომარეობის მიმოხილვისას, ყურადღება გამახვილებულია პრობლემებზე, რომელთა წყალობით ქართველი მოსწავლეების დონე საერთაშორისო სტანდარტებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, ხოლო განათლების სისტემა ეროვნული მიზნებით დასახული შედეგების მიღწევას ვერ ახერხებს. დოკუმენტის რეკომენდაციებისა და სამომავლო გეგმების ნაწილში განიხილება დღეისთვის არსებული სასკოლო და ეროვნული საგამოცდო მოდელების გადახედვის საკითხიც.
„გადასახედია ორი მნიშვნელოვანი გამოცდის_გამოსაშვები საატესტატო გამოცდისა და ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალ-ცალკე არსებობა, რამდენადაც იხარჯება სახელმწიფო რესურსები ზედმეტად და არაეფექტურად. ამასთანავე არსებული მოდელები ხელს უწყობს კერძო რეპეტიტორობის მასშტატების ზრდას, რაც მძიმე ტვირთად აწვება შინამეურნეობებს და ამძაფრებს სოციალურ უთანასწორობას. დამამთავრებელ კლასში კერძო რეპეტიტორთან მოსწავლეების 57% ემზადება. მასშტაბები განსხვავებულია ცენტრსა და პერიფერიაში ისევე, როგორც მაღალშემოსავლიან და დაბალშემოსავლლიან ჯგუფებში - „წერია დოკუმენტში.
„ქართული აკადემიის“ წევრისა და საგამოცდო სისტემებში კარგად გათვითცნობიერებული ფიზიკოსის თქმით, დოკუმენტის ეს ნაწილი სიტყვა-სიტყვით იმეორებს 2005 წელს სასკოლო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით, განათლების იმდროინდელი მინისტრის კახა ლომაიას განმარტებას. გელა დოლიძე დარწმუნებულია, რომ საგამოცდო სისტემების გაერთიანება თუ გამარტივება, რეპეტიტორობის ინსტიტუტს ვერ აღმოფხვრის, სამაგიეროდ, შესაძლოა, მასწავლებლის ფუნქციის დაკნინების დამატებით ბერკეტად იქცეს.
გელა დოლიძე: “სასკოლო გამოცდების გაუქმებისა და მხოლოდ ეროვნულები გამოცდების დატოვების ზუსტად ანალოგიური მოტივაცია მოვისმინეთ განათლების ყოფილი მინისტრის კახა ლომაიასგან 2005 წელს, როცა გადაწყვეტილება სისრულეში იქნა მოყვანილი. ყოფილი მინისტრი თანხასაც ასახელებდა - რეპეტიტორებში 20 მილიარდი ტრიალებს და ამ თანხის უკონტროლოდ დატოვება არ შეიძლებაო. ასე, რომ ეს ყველაფერი უკვე ითქვა და ითქვა კახა ლომაიას მიერ.
გავიხსენოთ, რა შედეგები მოგვიტანა სასკოლო გამოცდების გაუქმებამ, თუნდაც რეპეტიტორების მიმართულებით. ჩემი აზრით, რეპეტიტორების ინსტიტუტმა სწორედ 2005 წლის შემდეგ მიაღწია არნახულ მასშტაბებს და ის 20 მილიარდი, რომელზეც ლომაია საუბრობდა, ახლა გასამმაგებულია. ადამიანის ცხოვრებაში სკოლა, რომელიც სიმწიფის ატესტატს იძლევა, გარკვეულ ეტაპს წარმოადგენს. საატესტატო გამოცდების გაუქმება კი ნიშნავს, რომ სკოლა თავისთავად, არაფერს არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში სკოლის მნიშვნელობის ნიველირება ხდება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზომები, რომლის გატარებასაც სანიკიძის სამინისტრო აპირებს, რეპეტიტორობის ინსტიტუტს ვერ მოსპობს და შესაძლოა, პირიქით, გასაძლიეროს. დღევანდელი სამინისტრო ატარებს ზუსტად იგივე პოლიტიკას, რასაც ლომაია ატარებდა და ეს არის ძალიან არაპროფესიული და მავნებლური პოლიტიკა. მოდელის გამარტივება არ ნიშნავს, რომ უკეთესი გამოვა, უფრო პირიქით. განათლების მიმართულებით წარმატებული ქვეყნებში თუნდაც, იაპონიაში, ფინეთსა ან შვეიცარიაში, საკმაოდ რთული განათლების სისტემა და საგამოცდო მოდელია. ასეთი სისტემის გამარტივება ეფექტს არ იძლევა, იმიტომ, რომ ამ დროს ეცემა მთავარი ფიგურანტის- მასწავლებლის როლი. ჩვენთან ყველაფერი გაკეთდა და კეთდება იმისთვის, რომ მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე არაპრესტიჟული და დაჩაგრული პროფესია იყოს“.
კითხვაზე, რას ფიქრობს რამდენიმე დონიან გამოცდაზე, რომელიც სკოლის კურსდამთავრებულს საშუალებას აძლევს ერთიანი გამოცდის ფარგლებში, ვარიანტების შერჩევით, ჩააბაროს საატესტატო გამოცდა და სურვილის შემთხვევაში ეროვნული გამოცდების მოთხოვნებიც დაძლოს, გელა დოლიძე პასუხობს, რომ ანალოგიური მოდელის გამოცდები რუსეთში არსებობს, მაგრამ საკმაოდ წარუმატებელი და კორუფციული ფონის მატარებელია.
„რუსეთში არსებობს სამდონიანი სახელმწიფო გამოცდები, სადაც სასკოლო და უმაღლესში ჩასაბარებელი გამოცდების დაძლევა დონეების მიხედვით ხდება, მაგრამ ეს მაგალითად ვერ გამოდგება, რადგან ამ გამოცდებზე საშინელი კორუფცია მძვინვარებს. ძველი შეცდომების გამეორებას და ახალი ექსპერიმენტების ჩატარებას, აჯობებს, რომ სერიოზული და კარგად ორგანიზებული საატესტატო გამოცდები ჩავატაროთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაედება სასკოლო განათლებას ფასი“ - ამბობს დოლიძე.
