გამოკითხვა
ხმის მიცემა
დარეჯან მეფარიშვილი
დეპუტატმა ოქრიაშვილმა ქალს აგინა - ეს ინციდენტი პარლამენტში მოხდა და მას ბევრი თვითმხილველი ყავდა. გაგიკვირდეთ შეიძლება და ამ შეხლა-შემოხლის მოწმეები პოლიციის მაღალი რანგის ჩინოსნები არიან. რა მოხდა პარლამენტში და რატომ არავინ გაამახვილა ამაზე ყურადღება, ვის და რატომ, რა მიზეზით აგინა ოქრიაშვილმა დედა...
საქმე, რომლის გამოძიებაც პროკურატურას ძალიან გაუჭირდა. რატომ? არა იმიტომ, რომ ბევრი საქმე აქვთ და არ სცალიათ… არც იმიტომ, რომ საქმეს დოკუმენტები და მასალები აკლია… არც იმიტომ, რომ დამნაშავე ვერ გამოკვეთო. არა! აქ სხვა მიზეზია და ამ მიზეზების შესახებ როცა წაიკითხავთ სტატიას, მიხვდებით რომ კოჰაბიტაცია კი არა, რაღაც უფრო უარესი გვჭირს!
საქმე ეხება დეპუტატ ოქრიაშვილის მოპარული მილიონებს და დაუსრულებელ დავას, რომელიც სხვათაშორის ოქტომბრის არჩევნებამდე ბევრად ადრე დაიწყო.
ეს არის თემა რომელიც ასახავს თუ როგორ შეიქმნა აფთიაქების ქსელი „პე-ეს-პე“ დასავლეთ საქართველოში, რეალურად ვინაა ამ ქონების მფლობელი და როგორ აახიეს ქონება ქუთაისელ ბიზნესმენებს.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩემი მეორე წერილი ამ თემაზე (პირველი წერილი „ოქტომბრის რევოლუციის“ გარიჟრაჟზე დავწერე) და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თითქოს, არც არაფერი დამიწერია, დაზარალებულს სამართალდამცველი სისტემიდან არავინ გამოხმაურებია.
მანანა ახვლედიანი, დაზარალებული:
- წლების წინ, ჯერ კიდევ 2010 წელს მივმართე პროკურატურას, სადაც დაიწყეს გამოძიება და ეს გამოძიება დღემდე „მიმდინარეობს“. არჩევნების შემდეგ ყველა უწყებას მივმართე განცხადებით, ბოლო პასუხი 2 თვის წინ მივიღე, ძველი თბილისის პროკურატურის პროკურორმა მითითება მისცა პოლიციის გამომძიებელს - დააყენეთ საქმეშე შემაჯამებელი შედეგიო. 2 თვე გავიდა და რა გააკეთეს - არავინ მეუბნება. ვრეკავ პროკურორთან და ხასიათის მიხედვით მპასუხობს. ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქვს მძიმე და უკვე აღარ შემიძლია თბილისსა და ქუთაისს შორის ხშირად სიარული, მაგრამ არ ქონდეს ვინმეს იმის იმედი, რომ მე ამ საქმეს თავს დავანებებ. აქ ისეთ უსამართლობას აქვს ადგილი, სიკვდილის გარდა ვერაფერი შემაჩერებს და სიკვდილის არ ვაპირებ... ახლა ასეა საქმე, დავდივარ კაბინეტიდან კაბინეტში, ქუთაისიდან თბილისში და პირიქით და ამ სიარულში დავაგროვე უამრავი მაკულატურა. ეს არის ის პასუხები, რომელსაც მიგზავნიან უწყებებიდან რომელსაც მივმართავ.
ვიდრე მკითხველისათვის უფრო მეტად გასაგებ დეტალებზე ვისაუბრებთ მაინტერესებს გქონდათ თუ არა შეხვედრა დეპუტატ ოქრიაშვილთან?
- როგორ არ მქონია შეხვედრის მცდელობა, მაგრამ ეს კაცი ფსიქიურად დაულაგებელია. 2004 წელს, როცა მან დაიწყო ჩვენთვის ქონების წართმევის პროცესი და რეპრესიებზე გადავიდა, 9 თვე ვურეკავდით და მეცხრე თვეზე უპასუხა ჩვენს ზარებს და პასუხი იყო ასეთი: რა დროს ბიზნესზე საუბარია, ბუასილის ოპერაცია გავიკეთეო. ამის შემდეგ ისეთები გააკეთა თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლისათვის საშიში პირობები შეგვიქმნა, ეს იყო დევნა.
იმას, რასაც ისინი გვიკეთებდნენ - ძმები, კახა და ვაჟა ოქრიაშვილები - ბეზპრედელს ეძახიან, კანონგარეშე გამოგვაცხადეს მთელი ოჯახი. იყო თვალთვალი, მოსმენები, დასმენა, ეს იმდენად ყოველდღიური გახდა მაშინ რომ საუბარი არ ღირს, მაგრამ იყო ოჯახში შემოჭრა ჩვენთან, ნიღბოსნები ავტომატებით შემოვარდნებოდნენ შუაღამისას, წამოგვყრიდნენ საწოლებიდან, ამოწმებდნენ სახლს, 2004-2009 წლებში 8-ჯერ შემოვარდა სპეცრაზმი ჩვენთან. ან რას ეძებდნენ, ან რა უნდოდათ, არ ვიცი. რა იყო მიზეზი? მაგათთვის რომ გეკითხა დოკუმენტებს ეძებდნენ, გამოძიებისათვის არ მოგაქვთო, არადა ისეთი დოკუმენტებიც მიმქონდა პროკურატურაში, რასაც არ მთხოვდნენ, და რასაც მთხოვდნენ, თავისთავად, იქ ქონდათ.
არ ვიცი, რად უნდოდა ამ ყველაფერს სპეცრაზმი, ან რომელი კრიმინალები ჩვენ ვიყავით, მაგრამ ფაქტია, ეს ყველაფერი ხდებოდა. კრიმინალი არავინ გვყოლია სახლში, ყველაფერი თქვეს, მაგრამ ვერავინ თქვა, რომ ქურდები და ნარკომანები მყავდა სახლში! კახა ოქრიაშვილზე მე დოკუმენტები შემიძლია წარმოვადგინო, რომ ის არის ყაჩაღი და ადამიანის გამტაცებელი. მან ფული გამოსძალა გატაცებულს და ახლა ოქრიაშვილი მესამე მოწვევის დეპუტატია. ცოტა ხნის წინ პარლამენტთან იყო აქცია, სადაც მეც მივედი, ოქრიაშვილს შემთხვევით შევხვდი პარლამენტში, ფოიეში და თავზე დამამხო ყველაფერი.
ვერ გავიგე... რას ქვია თავზე დაგამხო ყველაფერი?!
- ხალხის თვალწინ მოხდა ეს, რამდენიმე თვის წინ მოხდა პოლიციის თვალწინ ეს ყველაფერი. ადგილზე იყვნენ პოლიციის უფროსი, სამმართველოს უფროსი, ცუდად გავხდი, მერე სასწრაფო გამოიძახეს.
თანმიმდევრობით მიყევით.
- შემაგინა... გაგვაუბედურა და კიდევ მაგან უნდა გვაგინოს?! მე მივმართე პოლიციას და ეს სამოქალაქო დავააო - პოლიციამ, და ზარალის ანაზღაურება მოსთხოვეო. რა ზარალი უნდა მოვთხოვო, კაცმა ცხოვრება დამამხო თავზე და გინებისთვის მივმართო სასამართლოს, ზარალი დამიდგინეთ-თქო? ასე რომ, ამ კაცის ფული ისევ ფულობს, ოქრიაშვილი ყველა დროში კარგი გადამხდელი იყო და ახლა ვინ დაკარგავს? უტყუარი მტკიცებულებები დევს პროკურატურაში, ოქრიაშვილის კრიმინალურ ბანდას როგორი კორუფციული სქემა აქვს შემუშავებული.
გარკვეულ პირებთან მე მივიტანე თავის დროზე განცხადებები და დოკუმენტები, ამ პირებმა ოქრიაშვილს მოკითხეს - რა ხდებაო, მან დიდი ფული გადაუხადა ამ პირებს, რომლებიც მომიბრუნდნენ და მითხრეს, გააგრძელე ბრძოლაო. 10 წელი ერთი თეთრი არ შემომსვლია ოჯახში, ნაციონალურმა მოძრაობამ „დედის რძე“ არ შეგვარჩინა, ყველაფერი წაგვართვეს... ქუთაისის მერიას მივმართე დახმარებისთვის, როგორც სოციალურად დაუცველმა... წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩაგვყარეს? ელექტროენერგია ჩაჭრილი მაქვს დავალიანების გამო, დახმარება რომ ვითხოვე, რა მითხრეს, იცით? ხომ მოვიდა ახალი ხელისუფლება, 6 მილიარდი აქვს ბიძინას ანგარიშზე და იმას მოთხოვეო. საშინელი ცინიზმით მიპასუხეს. სამსახურისთვის მივმართე თევდორაძეს და ასაკი მკითხა, შენზე ცოტათი უფროსი ვარ-მეთქი და თქვენთვის სად ვიპოვო ახლა სამსახურიო. ანუ ისე მიპასუხა თითქოს 106 წლის მოხუცი ვარ...
აჰ, 106 წელი მარიკა ვერულაშვილს მახსენებს...
- სხვათა შორის, მარიკა ვერულაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც კახა ოქრიაშვილისაგან ძალიან, ძალიან ძვირადღირებულ საჩუქრებს ღებულობდა დახმარების სანაცვლოდ და თუ ამას ის, უარყოფს მე შემიძლია სახალხოდ დავუმტკიცო ეს. გივი თარგამაძეს მივაწოდე ძალიან დიდი ინფორმაცია 2004-06 წლებში. გამოიყენეს ეს ჩემი მასალები და ცოლის და და ცოლის დეიდაშვილი ჩაასმევინა მერე წილში, მე კიდევ მითხრა, გააგრძელე ბრძოლაო. კი, ასე იყო, ასე. თარგამაძე ლობირებდა ფარმაცეპტულ ბიზნესს და რატომ არ უნდა მიმეწოდებინა მასალები? დღესაც, სამწუხაროდ, არავინ ინტერესდება ამ დოკუმენტებით, არც მაშინ დაინტერესდა არავინ!
მაინც არ თქვით, რა შეურაცხყოფა მოგაყენათ დეპუტატმა და რას შეესწრო პოლიცია.
- კახა ოქრიაშვილის ნახვა იმ დღეს არც მიცდია. ხშირად დავდივარ პარლამენტში განცხადებებით ხელში, მე ხომ სახლსაც მართმევენ და ნუ, მოკლედ, ვეძებ სამართალს. იმ დღეს იყო აქცია და წავედი. პარლამენტში რომ შევედი, დერეფანში შევხვდი შემთხვევით, საქმიანი კაცივით მოდიოდა და რომ დავინახე - შენ კიდევ პარლამენტში ხარ-მეთქი? ეს რომ გაიგონა, წადი შენი დედაცო და, გინება დაიწყო, ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს. სამი მოწვევის დეპუტატია და ეთიკა ხომ არსებობს? კაცობას თავი დავანებოთ, დეპუტატი რომ არის, ამიტომ მაინც ხომ უნდა ეცა ვინმესთვის ან რამესთვის პატივი? მაგრამ ახლაც „მაგრად დგას“ და მაგინებს, აბა რა იქნება?! იქ მყოფები დაეხვივნენ თავს, მე ავტირდი, ხმამაღლაც ვყვიროდი - ავაზაკო, რა გინდა პარლამენტში-მეთქი, ცუდად გავხდი და სასწრაფო გამოიძახეს. ასე იყო ეს ამბავი. ქონებას, რაც წამართვეს, ახლა ამ შენობებს გავუკეთე წარწერა „წართმეულია“. ჯუღელი იყო ასეთი ძველი კგბ-ს თანამშრომელი, წილში ჩაისვა ოქრიაშვილმა, მიჩივლა ამ წარწერის გამო ჯუღელმა. მოკლედ, ან უნდა შევეწირო ამ ბრძოლას და გავიმარჯვო, ან სამარეში უნდა წავიღო ამდენი ტკივილი, ამდენი შეურაცხყოფა.
მომიყევით ის მიზეზები, რაც ამ დაპირისპირების მიზეზია.
- ჩემი ოჯახი ვარდების რევოლუციის დროს სოლიდური ბიზნესის მფლობელი იყო. ეს ბიზნესი ჩვენ 1996 წელს დავიწყეთ და 2003 წლისთვის უკვე წარმატებული ბიზნესი გვქონდა, რომელიც ფარმაცევტულ სექტორს მოიცავდა. თავდაპირველად საბითუმო ცენტრი გვქონდა, შემდეგ გავხსენით აფთიაქები და ვდისტრიბუტორობდით იმ პერიოდისათვის ახლადდაფუძნებულ პსპ-სთან. ბიზნესი დავიწყეთ ჩემი ქმრის ბაბუის სახლის გაყიდვიდან შემოსული თანხით, პირველ რიგში, შევიძინეთ ქუთაისში მეორე სააფთიაქო სამმართველოს დანგრეულ-გაპარტახებული შენობა, გავარემონტეთ და დავიწყეთ საქმიანობა. დავდეთ პსპ ჯგუფთან, პირადად კახა ოქრიაშვილთან, ხელშეკრულება. რა თქმა უნდა, გვიჭირდა, იყო შემოტევები, დევნა, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხეთ ბიზნესის შენარჩუნებაც და განვითარებაც.
თავდაპირველად მოვიცავდით მხოლოდ ქუთაისს, შემდეგ ქსელი გავაფართოვეთ და სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში გავხსენით აფთიაქები. 2003 წლისთვის შპს „მარგვეთი“ საკმაოდ ცნობილი და წარმატებული იყო. რა თქმა უნდა, როცა ფული ჩნდება, მას თან სხვადასხვა სახის ხიფათი მოყვება, იყო გაფლანგვის მომენტი, რაც რატომღაც მაშინდელმა პროკურატურამ სათანადოდ არ გამოიძია და დამნაშავეები ნაწილობრივ დასაჯა. ანუ, რა იყო ეს: გაფლანგვაში მონაწილეობდა არა მხოლოდ „მარგვეთის“ ბუღალტერი, საწყობის გამგე და ა.შ. არამედ მთელი საგადასახადო სისტემა. მოკლედ, იყო კორუფციული შეთანხმება. ჩვენ ბიუჯეტთან ყოველთვის პირნათელი ვიყავით, რაც დოკუმენტაციებით დასტურდება.
მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პირთა ჯგუფის მიერ ძალიან დიდი თანხების დატაცებას ქონდა ადგილი, მაინც ბოლომდე გამოუძიებელი დატოვეს საქმე. ჩვენ გამოძიებას წარვუდგინეთ გაყალბებული დოკუმენტაცია. 2003 წელს შპს „მარგვეთი“ კერძო საკუთრება იყო, რომელიც 2011 წელს აუდიტის დასკვნით შეფასებულ იქნა დაახლოებით სამ მილიონად. გარდა ამისა, იყო სააფთიაქო ქსელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, გვქონდა საწარმო რომელიც დაახლოებით 20 დასახელების ძალიან მაღალი ხარისხის პრეპარატს ამზადებდა, კონსიგნაციების სახით იყო მილიონ დოლარამდე ნაღდი ფული. ეს ყველაფერი, როცა ჩვენ ბიზნესი წაგვართვეს, პე-ეს-პემ და კახა ოქრიაშვილმა ამოიღო.
პე-ეს-პეს დასავლეთ საქართველოში 2003 წელს სულ სამი აფთიაქი ქონდა. რევოლუციის სემდეგ როცა კახა ოქრიაშვილი დაინიშნა მონოპოლისტად მას დაჭირდა დასავლეთ საქართველო და ჩვენ უკვე აღარ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მასთან კავშირი გაგვეწყვიტა, არადა ამ დროს ჩვენ უკვე სხვადასხვა შემოთავაზებები გვქონდა. ჩვენი ურთიერთობა თუ გაგრძელდებოდა იმ ფორმატში, როგორიც რევოლუციამდე იყო, პე-ეს-პე დასავლეთ საქართველოში მაინც წარმატებული იქნებოდა, მაგრამ კახა ოქრიაშვილს ჭამაში მადა გაეზარდა და უშიშროება, პროკურატურა და პოლიცია შემოგვასია. ჩვენი ქონება ავაზაკურად მიითვისეს. შეიქმნა „პე-ეს-პე ქუთაისი“ და მთელი ჩვენი ქონება წაიღეს, დირექტორად კი მიხეილ ბაკურაძე დანიშნეს.
პარალელურად, პროკურატურამ გააღვივა ჩვენს ოჯახში არსებული უსიამოვნება, რომელიც ჩემს ქმარსა და მის ძმას შორის არსებობდა. პროკურატურა ხელს უწყობდა ედიშერ მარგველაშვილს იმაში, რომ მას ძმისთვის, მერაბ მარგველაშვილისათვის ხელი შეეშალა როგორც ბიზნესმენისთვის, როგორც ძმისთვის. ჩვენ განცხადებით მივმართავდით პროკურატურას იმ შანტაჟისთვის, რასაც აკეთებდა, მაგრამ პროკურატურას არანაირი რეაგირება არ ჰქონდა. ედიშერის შვილი, შემოიჭრა ჩვენს შპს-ში ძმაკაცებთან ერთად, შეიარაღებულები, გამოვიძახეთ პოლიცია, დააპატიმრეს ყაჩაღები. ერთ-ერთი ამ დაკავებულთაგანი, ციხეზე, მოგვიანებით, კანონიერ ქურდად მონათლეს, „თავა“-ს ეძახიან, ისე არ ვიცი ვინაა.
იმერეთის მთავარი მთავარი პროკურორი, მიხეილ ჩოგოვაძე არც ფარავდა, რომ მას ზემოდან დავალებული ჰქონდა ჩვენი ბიზნესის წაღება, მაინც წაგართმევენ და მოელაპარაკეთ კახასო - გვეუბნებოდა. ამ დროს აცხადებს კახა ოქრიაშვილი, რომ თურმე მისი ბიზნესი დარტყმის ქვეშ იყო და ჩემს მეუღლეს ზემოთნახსენები ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე აკავებენ. იყო იარაღის და ნარკოტიკის დადების მცდელობა, მთელი ბატალიები გადავიტანეთ, მერაბი დააკავეს, მაგრამ ვერ მიუსაჯეს - მთელი ქალაქი დადგა ფეხზე და შეეშინდა პროკურატურას.
ოქრიაშვილს „მარგვეთში“ წილი ქონდა?
- 15% ქონდა. საკონტროლო პაკეტს ჩემი მეუღლე აკონტროლებდა თავისი მოგებით, პერსპექტივებით. დღეს ფაქტიურად მხოლოდ ჩემი მეუღლეა „მარგვეთიდან“ წამოსული, თორემ სააფთიაქო ქსელი დარჩა, სახელი შეუცვალეს და დაარქვეს „პე-ეს-პე ქუთაისი“. ქსელი მთლიანად ჩემი მეუღლის აწყობილია და თანამშრომლებიც კი იგივეა, ვინც მერაბმა დაასაქმა. ჩვენი ქონება პროკურატურის, საფინანსო-საგადასახადოს და ნოტარიუსების დახმარებით წაიღეს.
ოქრიაშვილი ხელშეკრულებაში წერს, რომ მას ქონება მიაქვს 10 წლის ვადით ვალის სანაცვლოდ და ამ დროს ეს ვალი არ არსებობს... მაგრამ ჩემმა მეუღლემ აღიარა ეს ვალი, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროცესები შეჩერებულიყო და მეც და თავადაც გადავრჩენილიყავი დაჭერას. პირადად ჩემს წინააღმდეგ დაწყებული იყო გამოძიება ხულიგნობის და სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით. როცა ეს ხელშეკრულებები დაიდო, იქ ითქვა რომ თუ ჩემი მეუღლე არ მოაწერდა ხელს ამ დოკუმენტებს, 31 მაისს იყო ჩემი სასამართლო პროცესი და მინიმუმ ორი წლით შემასახლებდნენ ციხეში, მაგრამ რადგან მერაბმა ხელი მოაწერა ამ დოკუმენტებს, 31 მაისს ორი წელი პირობითი მომესაჯა და მოვიხადე ეს სასჯელი როგორც ხულიგანმა.
არის სხვა დოკუმენტაცია, რომლითაც ბიზნესი მიითვისეს. დოკუმენტებს ხელს აწერს ისეთი ვიღაცეები რომელთაც ამის უფლება არ ქონდათ და არის ძალიან ბევრი გაყალბებული საბუთი. ოქრიაშვილი მართავდა სიტუაციას თავისი შესაძლებლობებით, ნაციონალებისთვის ის იყო ოქროს ყულაბა, რომელშიც, როცა უნდოდათ ხელს ჩაყოფდნენ და ფულს რამდენიც უნდოდათ იმდენს ამოიღებდნენ.
ნაციონალები პირდაპირ გვეუბნებოდნენ, კახას არ დავიჭერთ იმიტომ, რომ ჩვენი მეგობარიაო. ჩვენს განცხადებებს 2011 წელს უპასუხეს, იმ მოტივითმ რომ ხელშეკრულება დადებულია თბილისშიმ თბილისმა უნდა გამოიძიოსომ და გადმოიტანეს აქ საქმე. გავიდა დრო და არანაირი პასუხი არ მიგვიღია ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან. თბილისში ჩამოსულს მეუბნებიანმ ეს საქმე ქუთაისისაა და უკან დავაბრუნებთო და გამოაგზავნეს ერთადერთი ფურცელიმ სადაც ეწერა - გიგზავნით საქმის მასალებსო და... საქმის მასალები არ გამოაგზავნეს.
ეს დოკუმენტები ორი თვის წინ დიდი აჟიოტაჟის და ხმაურის შემდეგ მოვიპოვე. ვაკე-საბურთალოს პოლიციაში იყო ისევ. რა ქვია ამას? დოკუმენტაციას ბევრი აყალბებდა, ერთ-ერთია ვინმე გოგილაშვილი. სრულიად შემთხვევით გავიგე რომ გოგილაშვილს დეპუტატ ირინა იმერლიშვილთან ერთად მარნეულში თანამფლობელობაში აქვს 110 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. ამის შემდეგ რაღა ვთქვა? ყველაფერი ისედაც გასგები ხომ არის? ძალიან მინდოდა კბილაშვილთან შეხვედრა, მაგრამ მითხრეს, იმდენი ხალხია ჩაწერილი, 2014 წლამდე ვერ შეხვდებითო. ამასობაში კი - წავიდა, შემდეგ ყველაფერი აირია... ისე გაწელეს ყველაფერი. 2014 წელს კი იმ ერთადერთ დოკუმენტს გაუვიდა ვადა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ყველა გასაჩივრების უფლება გვქონდა.
ხელშეკრულებას?
- დიახ, ხელშეკრულებას...