გამოკითხვა
ხმის მიცემა
მარიამ თოდაძე
6 თებერვლის ღამეს მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობის მოქმედების ვადა ამოიწურა და აღკვეთის ღონისძიება ავტომატურად უქმდება.
„ამის შემდეგ სააკაშვილის მიმართ არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს, გარდა იმისა, რომ მან, როგორც ეჭვმიტანილმა, უნდა მიიღოს უწყებები და გამოცხადდეს საგამოძიებო მოქმედებებზე“, - აღნიშნა ადვოკატმა.
რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად გენერალურმა პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს და წარმოადგინოს არგუმენტები და მიზეზები, თუ რატომ დაირღვა აღკვეთის ღონისძიების გაგრძელების შუამდგომლობის ვადები.
ჩერნოლუცკის ვარაუდით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს ხელისუფლების სურვილს „გაასუფთაოს“ პოლიტიკოსის სტატუსი და საქართველოში მისი ექსტრადიცია მოახდინოს.
სააკაშვილის შინაპატიმრობის ვადის ამოწურვას კი წინ უსწრებდა სააპელაციო სასამართლოს უარი. 5 თებერვალს, კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა. სააკაშვილის დაცვის მხარე ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ.
კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა, რომ განსაკუთრებული დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის უმოქმედობა უკანონოდ ეღიარებინა.
„უკრაინის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა: მიხეილ სააკაშვილის საჩივარი უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ, უმოქმედობის უკანონოდ აღიარების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოპასუხე მხარეს აღნიშნული საქმის განხილვისას გონივრული ვადები არ დაურღვევია. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულ სასამართლოში შეიძლება“, - ნათქვამია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
თუმცა, როგორც სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე უკვე უკანონოდ იმყოფება.
მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს გააჩნია ჯერ კიდევ მოქმედი ცნობა, დამატებითი დაცვის თაობაზე, რომლის ვადაც 2018 წლის 1 მარტამდე ვრცელდება.
„დამატებითი დაცვის თაობაზე ცნობა, რომელიც მას აქვს, ჯერ მოქმედია - ის 2018 წლის 1 მარტამდე მოქმედებს. აღვნიშნავ, რომ სასამართლოს არ გაუუქმებია ეს ცნობა. შესაბამისად, მისი უკრაინაში ყოფნის საფუძველთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა რუსლან ჩერნოლუცკიმ.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექს-პრეზიდენტი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ირწმუნებოდა, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა მისი საქართველოში ექსტრადიციის დოკუმენტებს ამზადებდა.
თავად მიხეილ სააკაშვილი კი აღნიშნავს, რომ ის უკრაინაში ყოფნისთვის საჭირო სტატუსს კარგავს და ეს არის არა სასამართლოს, არამედ პოროშენკოს მორიგი გადაწყვეტილება.
უკრაინის გენერალური პროკურორი მედიაში ღიად საუბრობს მიზეზებზე, რის გამოც ოდესის ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო.
„მე არ დავიწყებ ახლა სააკაშვილის მუშაობის შეფასებას, ეს ჩემი საქმე არაა. უბრალოდ ვიტყვი, რომ როდესაც გავიგე, რომ სააკაშვილის მარჯვენა ხელი სევერიონ დანგაძე კურჩენკოს მარჯვენა ხელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, იმ ღამეს ვერ დავიძინე. მე ვხვდებოდი, რა მოჰყვებოდა ამას. ისინი პირველი პირების ზარებს ათანხმებდნენ“, - განაცხადა მედიასთან საუბრისას იური ლუცენკომ.
უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, თავის დროზე სააკაშვილთან მას მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა.
„მე მაქვს „წითელი ხაზები“, რომელთა გადაკვეთას არავის ვაპატიებ. არ შეიძლება იანუკოვიჩის ბანდის ფულით უკრაინაში პოლიტიკა აკეთო, არ შეიძლება მშობლებს შორის ცუდი ურთიერთობების გამო შური მათ შვილებზე იძიო და ა.შ. ამ შემთხვევაში, არ შეიძლება მაფიოზური სახსრების გამოყენება. ეს სისხლიანი ფულია, ვინაიდან კურჩენკო ახლა დონბასში მთელი სიმძლავრით მუშაობს. ჩემი აზრით, ნებისმიერი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსისთვის ან თუნდაც არაპოლიტიკური ადამიანისთვის მასთან თანამშრომლობაზე შეთანხმება უბრალოდ ტაბუ უნდა იყოს“, - აღნიშნა იური ლუცენკომ.
უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, გამოძიება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების გახანგრძლივების მოთხოვნას არ აპირებს.
„რამდენიმე უცნაური აქციის შემდეგ სააკაშვილმა დაკითხვაზე სიარული დაიწყო. ჩვენ არ ვაპირებთ აღკვეთის ღონისძიების ვადა გავახანგრძლივოთ. ჩემი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მას კიდევ რამდენიმე დაკითხვა ელის. ვიმედოვნებ, რომ ის კვლავ მშვიდად მოვა და მისცემს შესაბამის ჩვენებას“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.