გამოკითხვა
ხმის მიცემა
ambebi.ge
2017 წლის ოქტომბერში ახალი ამერიკული ფილმის - Geostorm-ის მსოფლიო პრემიერა გაიმართა. სიუჟეტით, გლობალური დათბობის საპირწონედ ერთობლივი ძალებით მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა ამინდის კორექციის გლობალური სისტემა შექმნეს - ამიერიდან კოსმოსში განთავსებული ასობით თანამგზავრი ამინდს პლანეტის მასშტაბით გააკონტროლებს.
ფილმი ფანტასტიკური ჟანრისაა. თუმცა სიუჟეტი რეალობისგან შორს სულაც არ არის. ადამიანს ამინდის კონტროლი (რა თქმა უნდა, ჯერ-ჯერობით Geostorm-თან შედარებით მოკრძალებულ მასშტაბებში) და არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მისი შეცვლა მართლა შეუძლია.
ამინდზე პირველი ხელოვნური ზემოქმედება 1946 წელს დაფიქსირდა. ამერიკელმა ქიმიკოსმა ვინსტონ შატორმა
მყინვარის თავზე თვითმფრინავიდან 15 კგ მშრალი ყინული გაფანტა. ერთი შეხედვით უმნიშნელო ქმედებამ, მყინვარზე ძლიერი თოვა გამოიწვია. 1950-იანი წლების დასაწყისში, ხელოვნური ზემოქმედებით ნალექის შექმნის შესაძლებლობამ აშშ-ში აგრარული ბუმი გამოიწვია. მოსავლიანობის გაზრდისთვის უამრავი კერძო კომპანია ფერმერებს წვიმის ხელოვნურად "გამოძახებას" სთავაზობდა.
ადამიანი მხოლოდ წვიმების გამოძახებით როდი შემოიფარგლა. 1960-იან წლებში ქარიშხლების მოსარჯულებლად ამერიკელებმა მასშტაბური პროექტი - Stormfury წამოიწყეს. მართალია დიდ წარმატებას მეცნიერებმა ვერ მიაღწიეს, მაგრამ კოკისპირული წვიმის "გამოძახების" მეთოდს მიაგნეს. აღმოჩენა პენტაგონის წარმომადგენლებმა უმალ დააფიქსირეს და ვიეტნამში მოსინჯეს.
1967-დან 1972 წლამდე ვიეტნამში ოპერაცია Popeye-ი მიმდინარეობდა. მისი არსი სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან ქიმიური ნივთიერების - ვერცხლის იოდიდის გაბნევით კოკისპირული წვიმების გამოწვევაში მდგომარეობდა. პირველივე დღეს, იოდიდების განფანტვის ზონაში 23 სმ ნალექი მოვიდა. მთლიანობაში წვიმების სეზონი 30-დან 45-50 დღემდე, ნალექების რაოდენობა კი 3-4-ჯერ გაიზარდა. გადაუღებელი წვიმები ანადგურებდნენ ჩრდილო ვიეტნამელების გზებს, ხიდებს, სამხედრო ინფრასტრუქტურას, მოსავალს, საცხოვრებელ სახლებს.
ამერიკელების წასვლის შემდეგ, ვიეტნამში ამინდის "მოთვინიერება" სსრკ-მ დაიწყო. წვიმებზე მეტად მათ ტაიფუნები აინტერესებდათ. "აეროფლოტის" ლივრეებს ამოფარებული სპეც-თვითმფრინავები კუბის თავზეც დაფრინავდნენ და ტაიფუნების მართვის მექანიზმებს ეძებდნენ.
1970-იანი წლებისთვის ცხადი გახდა, რომ ადამიანს კლიმატური იარაღის (ამინდის სამართავად) შექმნა და მისი რეალური გამოყენება შეუძლია. კლიმატური იარაღი არც სამხედრო ინფრასტრუქტურას და არც ცოცხალ ძალას უნადგურებს. მისი გამოყენებით ძლიერი გვალვის ან პირიქით - წვიმის გამოწვევა შეიძლება. ეს კი სოფლის მეურნეობის პროდუქციას გაანადგურებს. დაუმატეთ ამას წვიმებით და გვალვით გამოწვეული სხვა კატაკლიზმებიც და თქვენ მოწინააღმდეგე სახელმწიფოს უდიდეს დარტყმას და ზარალს მიაყენებთ.
1977 წელს გაერომ კლიმატური იარაღის გამოყენებაზე აკრძავა შემოიღო. კონცეფცია კრძალავდა სამხედრო მიზნებისთვის ბუნებაზე ხელოვნურ ზემოქმედებას.
ამინდის მართვის შესაძლებლობას მშვიდობიან მიზნებშც იყენებენ. 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადისას, თვითმფრინავების სპეციალური დანაყოფი, ჰაერში გარკვეული ნივთიერების გაფრქვევით, მოსკოვის თავზე მზიან ამინდს უზრუნველყოფდა. 6 წლის შემდეგ ამ დანაყოფს ექსტრემალურ პირობებში მოუწია მუშაობა. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემდეგ, რაიონში წვიმის მოსვლა ყოვლად დაუშვებელი იყო. ნალექი ჰაერში გაფანტულ რადიაქტიულ ნარჩენებს ნიადაგში ჩაიტანდა. ამიტომაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ავიარაზმი ჩერნობილის თავზე მზიან ამინდს უზრუნველყოფდა.
ამინდზე ზემოქმედება საქართველოშიც ხდება. უკვე 2 წელზე მეტია სამხედრო-სამეცნიერო ტექნკური ცენტრ "დელტას" მიერ შექმნილი სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა კახეთს და იქ არსებულ ვენახებს და ხეხილის ბაღებს სტიქიისგან იცავს. კახეთის ტერიტორიაზე განთავსებული 80-ზე მეტი გამშვები დანადგარიდან ჰაერში სპეციალური რაკეტების გატყორცნა ხდება. მათი რაოდენობა მოსალოდნელი სეტყვასაშიში პროცესების სიდიდის მიხედვით განისაზღვრება.
გატყორცნილი რაკეტიდან ჰაერში გამოფრქვეული ვერცხლის იოდიდი ატმოსფეროსთან ქიმიურ რეაქციაში შედის. ის ჰაერში წყლის მოლეკულებს ერთმანეთთან შეერთების და სეტყვის ბურთულის სახით ფორმირებას არ აცდის. შესაბამისად სეტყვასაშიშ ღრუბლებში დაგროვილი სითხის "ჩამოცლა" ჩამოწვიმების სახით ხდება.